როგორ მივხვდეთ სწორად შევარჩიეთ თუ არა ძიძა

ძიძის შერჩევა რომ ოჯახისთვის ძალიან რთული პროცესია ამაზე ყველა ვთანხმდებით. უნდობლობის, ეჭვების და ვარაუდების მთელი არმიის გავლის შემდეგ, თუ გაგვიმართლა და ვიპოვეთ „ჩვენი“ ადამიანი, ბოლომდე მოდუნების უფლება მაინც არ გვაქვს.ადამიანის გაცნობა ერთი, ორი და თუნდაც სამი გასაუბრების შემდეგაც  ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, შვილი, უნდა ვანდოთ.ამიტომ გვმართებს მუდმივი სიფრთხილე და კოლოსალური ყურადღება, რათა ის ნიშნები, რომელიც ჩვენი ძიძის არაკეთილსინდისიერ საქციელზე და  ბავშვთან მიუღებელ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არ გამოგვეპაროს. ჩვენი სტატია ზუსტად ამის გარკვევაში დაგეხმარებათ.

ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი სიტუაცია, რომლის დროსაც თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ღირს და აუცილებლად დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

  1. თუ პატარას და ძიძის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. თუ ატყობთ რომ ბავშვი მას გაურბის, ან ეშინია მისი. უმიზეზოდ იწყებს ტირილს, ან მკვეთრად ხტება ყოველ გახმურებაზე. ამ ყველაფერს კი გაურკვეველი სილურჯეებიც დაერთო თან, რომელსაც ძიძა უცნაური დაცემებით ხსნის, ნამდვილად ღირს განგაშის ზარების ატეხვა და უკიდურესი ზომების მიღება. როგორც ჩანს თქვენი პატარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ასეთ ტრამვას ბავშვები ხშირ შემთხვევაში თავად ვერ უმკლავდებიან და შესაძლოა მას დაასჭირდეს ბავთშვთა ფსიქოლოგთან მუშაობა, ძიძას კი სავარაუდოთ სამართალდამცავ ორგანოებთან საუბარი არ ასცდება.
  2. თუ თქვენი პატარა ზედმეტად ჩუმი და დამჯერი გახდა ნაადრევად ნუ გაგეხარდებათ. ისმის კითხვა, რა საშუალებებით აღწევს ძიძა ამ ყველაფერს? თუ ბავშვი თქვენ მოუთმენლად გელოდებათ, ხოლო როცა თქვენ ბრუნდებით ნაბიჯითაც არ გშორდებათ, შესაძლოა ის მოკლებულია ურთიერთობას. ძიძა შესაძლოა თავისი საქმით არის დაკავებული და არ აქცევს პატარას ყურადღებას: ჭორაობს ტელეფონზე და სოციალურ ქსელებში, ბავშვს ტოვებს ოთახში და მთელ დღეს მულტფილმებს აყურებინებს იმისათვის, რომ „ხელი არ შეუშალონ“. მორჩილ ბავშთან ხომ ყველაფერი მარტივია. თუმცა ასეთი ბავშვები იზრდებიან საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები და თქვენ ეს გინდათ?
  3. თუ თქვენი ძიძა მიმართავს დირექტივებით აღზრდის სტილს მან ყოველთვის „უკეთ იცის“ რა არის პატარასთვის კარგი და რა არა. პერიოდულად იწყებს თქვენს „აღზრდასაც“ კი. ძირს უთხრის მშობლის ავტორიტეტს. ასეთი მიდგომა არაფერს კარგს არ მოგიტანთ. ასე ხომ არ გრჩებათ შანსი მოისმინოთ ბავშვის მოთხოვნილებები. „ყოვლისმცოდნე“ ძიძა ართმევს პატარას უფლებას დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი და ქონდეს საკუთარი სურვილები. დააკვირდით, თუ ის მუდმივად თავს ახვევს პატარას საკუთარ გეგმებს და აიგნორებს ბავშვის სურვილებს. მაგალითად: „ჩვენ არ წავალთ სასეირნოდ, დღეს ქუსლიანები მაცვია“, „არანაირი საღებავები, დღეს ჩვენ უნდა ვძერწოთ“, „დატოვე მანქანები სახლში, ჩვენ ფეხბურთის მოედანზე მივდივართ“ – დაღუპავს როგორც ტალანტს ბავშვში, ასევე რწმენას საკუთარ თავში.
  4. თუ ძიძა დაუსრულებლად გეწუწუნებათ ცხოვრებაზე, ბედზე, მთავრობაზე. დაფიქრდით, სანამ თქვენ არ ხართ, დიდი ალბათობით თქვენი შვილი იწოვს იგივე ნეგატიურ ენერგიას, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ნონ-სტოპ რეჟიმში. თუ თქვენ დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებთ, თქვენს პატარას სხვა გზა არ აქვს და ადრე თუ გვიან ის გაიზიარებს მის მსოფლმხედველობას. ჩამოუყალიბდება სამყაროს შესახებ ნეგტიური სურათი, უსათუოდ ისწავლის წუწუნს და ყველაფერში მინუსების დანახვას. თუ თქვენი ეჭვები დადასტურდება, ჯობია ასეთი ძიძა შეცვალოთ.

ჩვენ შევეცადეთ ძალიან მოკლედ ჩამოგვეყალიბებინა ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ჩვენს ცხვირს წინ ხდებოდეს და სამწუხაროდ ჩვენს გადატვირთულ ყოველდღიურობაში ყურადღების მიღმა დაგვრჩეს, ამით კი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავაზარლოთ. საბედნიეროდ უკვე არსებობს გამოსავალიც, დღესდღეობით საკუთარ სახლებში დაყენებული ფარული კამერა მიუღწეველი ფუფუნება და მხოლოდ რჩეულთა ხვედრი ნამდვილად აღარაა, ასე რომ აიზრუნეთ წინასწარ, რომ მსგავსი ფაქტები დროულად გამოვავლინოთ და რა თქმა უნდა აღმოვფხვრათ კიდეც ისე, რომ დაზარალებულის პოზიციაში არც ერთი მხარე არ აღმოჩნდეს.

კომენტარი