თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით უბედური შემთხვევის შესახებ.
მივეჩვიეთ ინფორმაციებს ავარიების, სტიქიური უბედურებების, ჩაძირული გემების,
ჩამოვარდნილი თვითმფრინავების და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ. სამწუხაროდ, ხშირია ინფორმაციები ტურისტების დაღუპვის თაობაზეც.
მოგზაურთა სიკვდილიანობის ყველაზე უფრო ხშირი შემთხვევები დაფიქსირებულია სატრანსპორტო საშუალებების და ალკოჰოლური სასმელების ზედმეტი დოზების გამოყენების შედეგად.
რისკზე მიდიან აგრეთვე სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარულები (დაივერები, რაფტერები, ალპინისტები…) თუმცა, მათ წინასწარ იციან რა რისკის გაწევა მოუწევთ და რა საფრთხე ელით მოგზაურობისას.
სამწუხაროდ, ხშირად, სრულიად უაზროდ, იღუპებიან ტურისტები იქ, სადაც საფრთხის არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს და არც არის მოსალოდნელი. მაგალითად, 2008 წელს ფრანგი გოგონა ძმასთან ერთად გადახტა ტუნისის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზში და ვერ შეძლო ამოყვინთვა, რადგან ფეხი გაეჭედა ავზის წყლის გამოსაშვებ ხვრელში, რომელსაც არ ჰქონდა დამცავი ცხაური.
თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ტურისტები ერთობოდნენ ქაფის თამაშით, სასტუმროს თანამშრომელს ხელიდან გაუვარდა ქაფის გამომშვები ელექტროაპარატი… ძლიერი დენის დარტყმით დაიღუპნენ ისრაელის მოქალაქე ტურისტები, რომლებიც ქაფის თამაშით იყვნენ გართულები.
ტურისტები გასართობ პარკებშიც იღუპებიან – 2006 წელს ტუნისის ერთ-ერთ პარკში საქანელას ბაგირი გაწყდა რის შედეგადაც შვიდი ტურისტი დაიღუპა.
ტანზანიაში, ექსკურსიამძღოლის გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთი ტურისტი ქალბატონი ავტობუსიდან გადმოვიდა ღია ტიპის ზოოპარკში გარეულ ცხოველებთან სიახლოვეს ფოტოსურათების გადასაღებად. იგი მოულოდნელად სპილომ გადათელა. შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.
2007 წელს ტაილანდის ქხაო სოკის გამოქვაბულში მოულოდნელად აიწია წყლის დონემ, ტურისტებმა ვერ მოასწრეს დროულად გამოსვლა და ისინი გიდებთან ერთად დაიღუპნენ. იმავე წელს საბერძნეთის მთიან რეგიონში _ არკადიაში, ტურისტებმა გადაწყვიტეს გადაელახათ მდინარე ლუსიოდი. მათ ვერ გაითვალისწინეს წყლის სიღრმე და დინების სიჩქარე, რის შედეგადაც 10 მოგზაური დაიღუპა.
2003 წელს საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, მეხის დარტყმის შედეგად დაიღუპა ჩეხი ტურისტი, რომელიც პლაჟიდან სასტუმროსაკენ მიემართებოდა.
ჩინეთში, პეკინის ცენტრალურ მოედანზე _ ტანანმენზე, ფილიპინელების ტურისტების ჯგუფს, რომლებიც მაო ძედუნის მავზოლეუმს ათვალიერებდნენ, თავს დაესხა დანით შეიარაღებული მანიაკი, რომელმაც მის დაკავებამდე მოასწრო მოეკლა ორი და დაეჭრა ერთი ტურისტი. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოედანი დღესაც ითვლება ყველაზე უსაფრთხო ადგილად, სადაც სადღეღამისოდ ასეულობით ფორმიანი და უფორმო სამართალდამცველები მორიგეობს.
სამხრეთ ამერიკაში ტურისტს თავს დაესხა ფუტკრების გუნდი. მეზღვაური თავის დასაცავად მდინარე ამაზონში ჩახტა, სადაც იგი პირანიებმა შეჭამეს.
კომენტარი