რა კავშირი აქვს თუთიყუშს გაზის აფეთქებასთან | მაგისტრი - დაცვის სამსახური

რა კავშირი აქვს თუთიყუშს გაზის აფეთქებასთან

როგორ შევარჩიოთ გაზის დეტექტორები

იცოდით, რომ ძველად შახტებში მეთანის ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის დადგენის ბიოლოგიურ საშუალებას თუთიყუში წარმოადგენდა?

შახტაში გალიაში ჰყავდათ თუთიყუში და ის ბრწყინვალედ ასრულებდა გაზის სიგნალიზაციის როლს.

სანამ თუთიყუში გალობდა და ჭიკჭიკებდა-ყველაფერი რიგზე იყო.

როგორც კი თუთიყუში გაჩუმდებოდა, ან უფრო უარესი - მოკვდებოდა, ეს იყო სიგნალი შახტიორებისთვის, რომ სიტუაცია იყო ავარიული და სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ შახტა.

მცირეოდენი შესწორება: საუბარია კანარის ჩიტზე, რომელსაც შეცდომით იადონსაც უწოდებენ.კანარის ჩიტი, კანარელი (ლათ. Serinus canaria) — მომცრო ტანის ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია კანარისა (აქედან სახელწოდება) და აზოვის კუნძულებზე, მადეირაზე. XVI საუკუნეში შემოიყვანეს ევროპაში და გავრცელდა როგორც ტიპობრივი „გალიური ფორმა“. კარგად მრავლდება ტყვეობაში. გამოყვანილია გალობითა და ექსტერიერით განსხვავებული მრავალი ჯიში. მამალ კანარის ჩიტს მუცლის მხარე ყვითელი აქვს, ზურგის მხარე — მოყვითალო-მომწვანო, დედალს — მომწვანო შეფერილობა. სხეულის სიგრძე 12-14 სმ აღწევს.

ქართულ ლიტერატურაში კანარის ჩიტს ზოგჯერ შეცდომით იადონს უწოდებდნენ. კანარის ჩიტის ერთ-ერთი ქვესახეობაა კანარიასებრი მთიულა (Serinus canaria serinus ), რომელიც გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. მცირე აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და ევროპაში (ჩრდილოეთის გარდა). ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 13 დღე. იკვებება მარცვლეულით. საქართველოში კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევაა აღნიშნული (1896).

ჩასაფრებულთა საყურადღებოდ განვმარტავთ: ჩიტის სახეობა, შეფერილობა, ნისკარტის სიგრძე და გეოგრაფიული არეალი მოცემულ სტატიის მთავარ აზრთან არ არის პირდაპირ კავშირში.

აღნიშნული შენიშვნა განპირობებულია ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებლის  ზედმეტად კრიტიკული კომენტარებით.

დროთა განმავლობაში,  ქიმიისა და ტექნოლოგიის  განვითარებასთან ერთად თუთიყუში  ჩაანაცვლა  ქიმიურმა ანალიზატორებმა-სითხემ სინჯარაში ან სპეციალური სითხით დამუშავებულმა  ქაღალდის ზოლმა,  რომელიც ფერს იცვლიდა ბუნებრივი გაზის ზემოქმედების შედეგად.

ამჟამად, მრავალი სახის დეტექტორია,  რომლებიც განსხვავდებიან დანიშნულებით, მოქმედების პრინციპით და ფუნქციით.

კლასიფიკაცია გაზის ტიპების მიხედვით

  • ბუნებრივი გაზის (მეთანი СН4);
  • თხევადი გაზის (პროპანი С3Н8);
  • ნახშირბადის მონოქსიდი (მხუთავი გაზი, СО-არასრული წვის პროდუქტი);

არსებობს უნივერსალური დეტექტორი,  რომელიც რეაგირებს ზემოაღნიშნული ყველა ტიპის გაზზე.

კლასიფიკაცია მონტაჟის ტიპის მიხედვით:

  • სადენიანი;
  • უსადენო;
  • გამოსატანი დისტანციური სენსორებით.

კლასიფიკაცია კვების მიხედვით:

  • 220 ვ ქსელში მომუშავე;
  • ელემენტებზე მომუშავე;
  • სარეზერვო უწყვეტი კვების ბლოკით.

ფუნქციების და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით:

  • ავარიული ხმოვანი სიგნალით და ციმციმა შუქით;
  • გაზის ავტომატური ელექტრომაგნიტური სარქველის და სხვა მოწობილობის (ვენტილაცია) ჩამრთველი;
  • GSM შეტყობინებით.

გამოყენების სფეროს მიხედვით:

  • საყოფაცხოვრებო;
  • სამრეწველო.

მონტაჟის თავისებურებები

დეტექტორების მონტაჟის ადგილები

ბუნებრივი  გაზი (მეთანი СН4) ჰაერთან შედარებით მსუბუქია და გროვდება მაღლა, ჭერთან ახლოს. შესაბამისად, დეტექტორი რეკომენდირებულია დამონტაჟდეს ჭერიდან 0,3-0,5 მ მანძილზე (მაქსიმუმ 1 მეტრზე).

თხევადი გაზის (პროპანი С3Н8)  ჰაერზე მძიმეა და გროვდება იატაკთან. შესაბამისად,  დეტექტორიც უნდა დამონტაჟდეს იატაკიდან 0,3-0,5 მ დაშორებით.

ნახშირბადის მონოქსიდი (მხუთავი გაზი, СО-არასრული წვის პროდუქტი) მთელ სივრცეში ვრცელდება თანაბრად, თანაბარი კონცენტრაციით და ამიტომ, სასურველია, დეტექტორი დამონტაჟდეს ადამიანის სიმაღლეზე 1,7-1,8 მ-ზე.  (რეკომენდირებულია, მხუთავი აირის დექტეტორის საძინებელ ოთახში დამონტაჟება)

იმისათვის, რომ  გამართულად იმუშაოს,  გაზის დეტექტორები  უნდა დამონტაჟდეს გაზის სავარაუდო გაჟონვის ადგილიდან  ჰორიზონტალურად, არაუმეტეს 4 მეტრისა და არანაკლებ 1 მეტრისა ღუმელიდან და გაზის სანთურებიდან.

აკრძალულია დეტექტორების დამონტაჟება:

  • სავენტილაციო და ჰაერგამწოვების სიახლოვეს;
  • ღია ცეცხლთან ახლოს;
  • სითბოს წყაროსთან ახლოს;
  • კარების, ფანჯრების სიახლოვეს;
  • ადგილებში,  სადაც მაღალია ჰაერის ნაკადის ინტენსივობა, ტენიანობა და დამტვერიანება.

მომსახურება

სასურველია,  თვეში ერთხელ, მტვერსასრუტით გასუფთავდეს მტვრისგან მიმაგრების ადგილი. დეტექტორი უნდა გასუფთავდეს ფრთხილად, ისე რომ არ დაზიანდეს მგრძნობიარე ელემენტები.

გაზის დეტექტორის შემოწმება

შეიძლება სანთებელას მეშვეობით, გარკვეული სიფრთხილის დაცვით.  გამოუშვით მცირეოდენი გაზი ისე, რომ არ აანთოთ.  დეტექტორი უნდა ჩაირთოს და ხმაც უნდა ჰქონდეს ნორმის ფარგლებში.

ელექტრომაგნიტური სარქველი

ელექტრომაგნიტური სარქველი

სარქველის დანიშნულებაა გაზის მიწოდების ავტომატურად შეწყვეტა გაზის გაჟონვის შემთხვევაში.

ელექტროსარქველი მონტაჟის მიხედვით არის ორი ტიპის:

  • ჰორიზონტალური მონტაჟი;
  • ვერტიკალური მონტაჟი;

სარქველის კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით უფრო გავრცელებულია ჰორიზონტალური ტიპის სარქველები.

GSM შეტყობინების მრავალი ფორმა არსებობს, როგორც ავტონომიური  (უშუალოდ მომხმარებელთან შეტყობინების),  ასევე, სხვადასხვა საავარიო და მონიტორინგის პულტზე შეტყობინების სახით;.

ზემოაღნიშნული ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და ვიმედოვნებთ, რომ ის დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო გაზის დეტექტორების სწორი არჩევანის გაკეთებაში.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. ჩვენი სპეციალისტები 24- საათიან რეჟიმში მზად არიან, მოგაწოდონ კვალიფიციური რეკომენდაციები და რჩევები;

რეზიუმე:

კარგია დეტექტორი თუ მას შეუძლია:

  • გავრცელებული ყველა საშიში გაზის აღმოჩენა;
  • მუშაობა 220ვ ქსელის გათიშვის შემთხვევაშიც;
  • გაზის ჩამკეტის მიერთება;
  • ხმოვანი სიგნალის და ციმციმას ფუნქცია;
  • სმს შეტყობინების გაგზავნა;
  • სიგნალიზაციის არსებულ სისტემაში ინტეგრირება;
  • საავარიო და მონიტორინგის სამსახურებთან შეტყობინების გაგზავნა და სხვ.

ფასი

40-250 ლარი

დაცვის სამსახური მაგისტრი-თქვენი უსაფრთხოების გარანტი

შეგვიკვეთეთ და
ჩვენი მენეჯერი
დაგიკავშირდებათ

2 thoughts on “რა კავშირი აქვს თუთიყუშს გაზის აფეთქებასთან”

  1. იაშა ხარაიშვილი ამბობს:

    მადლობა თორნიკეს და მისი კომპანია “მაგისტრის ყველა თანამშრომელს ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებისათვის Dრეს საქართველოში თქვენი კომპანია საუკეთესოა როგორც დაცვის სამსახური ყველა მიმართულებით მადლობა თითოეულ თანამშრომელს.

  2. თორნიკე ამბობს:

    უღრმესი მადლობა ბატონო იაშა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, ვეცდებით მომავალშიც გავამართლოთ თქვენი იმედები

კომენტარის დატოვება