თუ დაგეკარგათ, დაგიზიანეს ან აერიათ ბარგი

თუ ბარგი დაკარგეთ.

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ აეროპორტში  და ელოდებით თქვენი ბარგის გამოჩენას. ყველამ აიღო ბარგი, ხოლო თქვენი კი არ ჩანს.

გაირკვა, რომ ბარგი დაიკარგა.

ამ შემთხვევაში არ ეცადოთ, რომ დამოუკიდებლად დაიწყოთ თქვენი ბარგის ძებნა.

მიმართეთ იმ ავიაკომპანიის წარმომადგენლობას, ვისი რეისითაც იფრინეთ. სწორედ ავიაკომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა მგზავრის ბარგის დაკარგვის შემთხვევაში და მხოლოდ მას შეუძლია დაკარგვისათვის გადაიხადოს სათანადო კომპენსაცია.

თუ თქვენ აღმოჩნდით ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის თქვენი ავიაკომპანიის წარმომადგენლობა, მაშინ უნდა მიბრძანდეთ იმ ავიაკომპანიის ოფისში, რომელიც ითვლება კონკრეტული ქვეყნის ნაციონალურ გადამზიდველ კომპანიად.

მნიშვნელობა არა აქვს დღისით დაკარგეთ ბარგი, თუ ღამით – ავიაკომპანიების წარმომადგენლობები მუშაობენ 24–საათიანი რეჟიმით.

ოფისში თქვენ მოგთხოვენ ბარგის კუპონიან ავიაბილეთს და დაწვრილებით გამოგკითხავენ თუ რა ფერის, ზომის, ფორმის იყო თქვენი ჩემოდანი, თუ ჰქონდა მას რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, დაინტერესდებიან ჩემოდნის შიგთავსით. ამის შემდეგ შეადგენენ შესაბამის აქტს და შეუდგებიან თქვენი ბარგის ძებნას.

თუ ავიაკომპანია უფრთხილდება თავის რეპუტაციას, მაშინ თქვენ მოგცემენ  მცირედ თანხას, (50 აშშ დოლარის ფარგლებში) რომ შეიძინოთ პირველადი მოხმარების ნივთები: კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, წინდები.

თქვენი ბარგის დაკარგვა შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან: ბარგი ან საერთოდ არ ჩატვირთეს თვითმფრინავში, ან სხვა თვითმფრინავში აიტანეს.

ბარგის ძებნა დაახლოებით 3 კვირა გრძელდება ხოლმე. თუ 21 დღის განმავლობაში თქვენი ბარგის ბედი ვერ გაირკვა, ავიაკომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია. თანხა გამოიანგარიშება ჩემოდნის წონის მიხედვით.

ავიაგადამზიდისათვის არაა მნიშვნელოვანი რა გედოთ ჩემოდანში – ძველი თეთრეული, თუ ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტექნიკა და ა. შ. რეკომენდებულია არ ჩადოთ ბარგში ვიდეოკამერები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა. მათ ფასს ავიაკომპანია არ აგინაზღაურებთ, თუ თქვენ შენახული არ გაქვთ ნივთების ყიდვის ქვითრები. ამ შემთხვევაშიც ავიაგადამზიდველი ზარალს აგინაზღაურებთ ნაწილობრივ.

არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბარგი კი არ იკარგება, არამედ მას ხსნიან და იღებენ ყველაზე ძვირფას ნივთებს. ამ დროსაც უნდა დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას, შემდგომ კი მეორდება ზემოაღწერილი სცენარით: თქვენ წარადგენთ ავიაბილეთს ბარგის კუპონთან ერთად და დაწვრილებით აღწერთ დაკარგულ ნივთებს. ნივთიერი მტკიცებულების სახით უნდა წარადგინოთ ასევე საკეტმოგლეჯილი, ან გაჭრილი ჩემოდანი. ავიაკომპანია შეადგენს აქტს ქურდობაზე და გააგზავნის თავის ცენტრალურ ოფისში. ჩატარდება მოკვლევა და სპეციალური კომისია გადაწყვეტს რა თანხის კომპენსაცია გადაგიხადონ.

თუ დაგიზიანეს ბარგი.

თუ აღმოაჩინეთ რომ თქვენი ბარგი  დაზიანებულია: საკეტები გაფუჭებულია, კორპუსი დაჭრილია, სახელური აგლეჯილია. ამ შემთხვევაში უნდა მიბრძანდეთ იმ ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში ვისი თვითმფრინავითაც ჩამოფრინდით ქვეყანაში. კომპანია გამოყოფს კომპეტენტურ თანამშრომლებს და გადაწყვეტენ რა თანხას შეადგენს ზარალი. ან მოგცემენ ფულს, რომ შეიძინოთ ანალოგიური ახალი ჩემოდანი, ან გამოგიყოფენ თანხას თქვენი ჩემოდნის შესაკეთებლად.

 

კომენტარი