ტურიზმის უსაფრთხოების დასაცავად ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა ანუ არავერბალური კომუნიკაცია.
უცხოეთში მოგზაურობისას ტურისტის მოტყუებას ცდილობს ყველა:
ტაქსისტები, სავალუტო ჯიხურები, გამყიდველები, სხვადასხვა სახის თვალთმაქცები, ყალთაბანდები, ქურდები, ჯიბგირები და ა. შ. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანის სხეულის ენა არასდროს იტყუება.
დაცვის სამსახური მაგისტრი წარმოგიდგენთ ტყუილის გამოცნობის ზოგიერთ ხერხს სხეულის ენის მიხედვით:
ტყუილი მოითხოვს თვითკონტროლსა და დაძაბულობას. დაძაბულობა შეიძლება იყოს ღია, ან ფარული, მაგრამ მისი შემჩნევა ძალიან ადვილია თუ კარგად დავაკვირდებით ადამიანის სხეულის მარცხენა მხარეს – ის უფრო ცუდად კონტროლდება, ვიდრე მარჯვენა ნაწილი. ეს იმით აიხსნება, რომ სხეულის მარცხენა და მარჯვენა ნაწილს ჩვენი ტვინის სხვადასხვა ნახევარსფერო მართავს.
ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ჩვენს საუბარზე და გააზრებულ ქმებებებზე. მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე და მიმიკებზე. დაიმახსოვრეთ: ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება ჩვენი სხეულის მარცხენა ნაწილზე, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა კი მარჯვენაზე. აქედან გამომდინარე – რაც სხვებს გვინდა ვანახოთ, ის ქმედებები აისახება ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეს, მაგრამ ის რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ – ჩანს მარჯვენა მხარეს.
მაგალითად, თუ ადამიანი ცაციაა და საუბრის დროს მარჯვენა ხელით აკეთებს სხვადასხვა სახის ჟესტებს, ეს ნიშნავს რომ პიროვნება რომელიც გველაპარაკება გვატყუებს. მით უმეტეს მაშინ, თუ ის მარცხენა ხელს საერთოდ არ ხმარობს.
სხეულის ნებისმიერი ნაწილის არაბუნებრივი ქმედება მიგვანიშნებს, რომ ეს ადამიანი რაღაცას მალავს. ტყუილის თქმის შემთხვევაში ტვინი ისეა დაკავებული სიცრუის გამოგონებით, რომ სხეული კარგავს სინქრონულობას. ადამიანის სახე, ისევე როგორც სხეული, ერთდროულად ორ შეტყობინებას გვაწვდის – ის, რაც გვინდა რომ დავანახოთ სხვას და რაც გვინდოდა რომ დაგვემალა. ასეთი დისჰარმონია მიგვითითებს წინააღმდეგობაზე, სიმეტრია კი ნიშნავს კეთილსინდისიერ ჩანაფიქრს.
მაგალითად, თუ ადამიანი იღიმება და მისი პირის მარჯვენა კუთხე უფრო ნაკლებად არის ზემოთ აწეული, ვიდრე მარცხენა, ნათელია, რომ მოსმენილი ინფორმაცია მას სულაც არ ახარებს, ანუ მისი ღიმილი მხოლოდ სიმულაციაა და მეტი არაფერი.
დაიმახსოვრეთ! ნამდვილი ემოცია სახეზე გამოიხატება თანაბრად. მაშინ, როდესაც უარყოფითი უფრო შესამჩნევია ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარეს.
ტყუილი ადამიანს ძაბავს. სახის ფერის შეცვლა (სითეთრე, სიწითლე, ლაქები) და მისი პატარა კუნთების მოძრაობა (ქუთუთოები, წამწამები, წარბები) მიანიშნებს, რომ ადამიანი განიცდის სტრესს და გვეხმარება სიცრუის დადგენაში. დაძაბულობა, რომელიც გამოიხატება წამწამების ხშირი ხამხამით, ქუთუთოების მოსრესვით – არის გაუაზრებელი მისწრაფება იმისკენ, რომ თვალი დახუჭო განვითარებულ მოვლენებზე. ქუთუთოების სრესვით ტვინი ცდილობს დაბლოკოს გაჩენილი ეჭვები, ან უსიამოვნო შეგრძნებები.
თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად კომფორტულად, ან არაკომფორტულად გრძნობს თავს მოსაუბრე, ამას გავიგებთ მისი თვალების გუგებით. თუ გუგები შევიწროვებულია, ნიშნავს რომ ის უკმაყოფილოა და პირიქით შემთხვევაში – კმაყოფილია. თვალის მოძრაობებით ადვილად შეიძლება გავიგოთ, აპირებს თუ არა მოსაუბრე სიმართლის თქმას. თუ ადამიანი საუბრის დროს თვალებს გარიდებს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის იტყუება. ხშირად ცრუობენ ადამიანები, რომლებიც ჯიქურ გიყურებენ თვალებში და ამით ცდილობენ შექმნან გახსნილობის და სიმართლის თქმის ილუზია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მატყუარა ადამიანი შეიძლება საკუთარმა ცხვირმა გამოაშკარაოს: როდესაც ადამიანი ცრუობს, ის თავისდაუნებურად იწყებს ცხვირის წვერის მოძრაობას.
ცხვირი საერთოდ, ძალზე მგრძნობიარეა თუ საქმე ტყუილს ეხება. ამ შემთხვევაში ადამიანს ცხვირი ეფხანება და იმავდროულად – დიდდება („პინოქიოს ეფექტი“). სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გააზრებული ტუილი იწვევს სისხლის წნევის მატებას და ასიმულირებს „კატეზოლამინი“–ს გამომუშავებას, რაც გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვანზე. თავის მხრივ, სისხლის წნევის მომატება ცხვირის ნერვიულ დაბოლოებებზე ახდენს ზეგავლენას და ადამიანს აწყებინებს ცხვირის ქავილს. ტყუილთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ჟესტები, ასე თუ ისე, დაკავშირებულია სრესვასთან. მაგალითად, თუ ადამიანი თვალებს ისრესს, ხელით ეხება ცხვირს, ან იფხანს ყელს (კისერს), შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ადამიანი გულახდილი არ არის.
ხელები
როდესაც მოსაუბრე ხელებს იწყობს ჯიბეებში და მალავს ხელისგულებს, ეს ნიშნავს, რომ იგი იტყუება, არ არის გულახდილი, რაღაცას მალავს, ან ბოლომდე არ ამბობს. გაიხსენეთ ბავშვების საქციელი: თუ რამეს აშავებენ, ჯიბეებში ან ზურგსუკან მალავენ ხელებს.
დამალული ხელისგულები შეგვიძლია შევადაროთ დახურულ პირს. გამოცდილი გამყიდველები ყოველთვის უყურებენ მყიდველის ხელისგულებს, როდესაც ისინი უარს ამბობენ რაღაცის შეძენაზე. მათ იციან, რომ თუ ადამიანს ჭეშმარიტად ნამდვილად სურს (ან არ სურს) რაიმე, ამას ის გაშლილი ხელისგულებით იტყვის. თუ ადამიანი საუბრისას ხელს პირზე იფარებს, ესე იგი ცდილობს თავის შეკავებას, რომ შემთხვევით რაიმე ზედმეტი არ წამოსცდეს. იმის შიშით, რომ არ თქვას ის, რისი თქმაც საჭირო არ არის, ადამიანი გაუაზრებლად ძაბავს ტუჩებს და იწყებს მათ კვნეტას. ამ დროს დააკვირდით თანამოსაუბრეს, თუ მისი ქვედა ტუჩი პირისკენ არის შეწეული, ეს ნიშნავს, რომ იგი არ არის დარწმუნებული თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში.
ადამიანებს არ უჭირთ ტყუილის თქმა პირით, მაგრამ მათი სახის მიმიკა სიმართლეს ღაღადებს.
დაიმახსოვრეთ! მატყუარა ადამიანები ცანცარულად მოძრაობენ, ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე, აჯვარედინებენ ხელებს და ფეხებს, ხშირად უშეშდებათ თვალები და აშტერდებიან სხვადასხვა ნივთებს. მათგან განსხვავებით, მართალი ადამიანები იშვიათად იცვლიან პოზას, ყოველთვის დგანან ან სხედან გამართულად ერთ ადგილზე და ისე პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.
ეჭვქვეშ შეიძლება დააყენოთ ისეთი თანამოსაუბრის გულახდილობა, რომელიც ხშირად იყენებს ფრაზებს:
„უბრალოდ უნდა დამიჯერო. . . “, „დამიჯერეთ – სიმართლეს გეუბნებით. . . “; „ხომ კარგად მიცნობ, მე ტყუილი არ მიყვარს (არ მეხერხება)…“; „მე გულახდილი ვარ შენთან…“ და ა. შ.
ძველ აღმოსავლეთში ბერძნები ამბობდნენ: „როცა თქვი ერთხელ – დაგიჯერე, მერე გაიმეორე და ეჭვი შემეპარა, როდესაც მესამედ გაიმეორე, მივხვდი, რომ მატყუებდი“.
სპეციალისტების დასკვნით, ცრუ ნაამბობში უფრო მეტი პაუზაა, ვიდრე მართალში. საეჭვოა ძალზე დეტალურად მოყოლილი ისტორიაც. ამ შემთხვევაში, ზედმეტი „დეტალები“ უბრალოდ ქმნიან სიმართლის ილუზიას.
დაიმახსოვრეთ! ჟესტები, რომლებიც არ ჯდება საუბრის ტემპში, შინაარსში (იგივე შეეხება მიმიკასაც) მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოსაუბრე წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც რეალურად ფიქრობს. მოკლედ, ამ შემთხვევაში მოსაუბრე გვატყუებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონტაქტური ადამიანები უფრო ხშირად იტყუებიან, ვიდრე თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები. ქალები და კაცები ერთნაირი სიხშირით იტყუებიან. მეცნიერთა აზრით, ადამიანები ტყუილის თქმას მაშინ იწყებენ, როდესაც მათი აზროვნება გარკვეულ განვითარების დონეს მიაღწევს. საორიენტაციოდ ეს ხდება 3–4 წლის ასაკში.
კომენტარი