უსაფრთხოება სასტუმროში

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო სასტუმრო

დანაშაულის უმეტესობა, რომელიც ჩადენილია ტურისტების მიმართ, ხორციელდება იაფფასიან სასტუმროებში და მოტელებში. რომ არ გახდეთ დანაშაულის მსხვერპლი, მოერიდეთ განთავსებას ისეთ სასტუმროში, სადაც ნომრებში არ არის ტელეფონი, ურდული კარზე, ან ჯაჭვი. არასდროს არ გაუღოთ კარი უცნობებს.

XII სართულზეც რომ ცხოვრობდეთ, მაინც ჩაკეტეთ ხოლმე კარ-ფანჯარა, აივნის კარი. არ დათანხმდეთ ისეთ ნომერზე, რომელსაც არ უვარგა საკეტები კარებზე.

თუ გინდათ შეაფასოთ როგორ იცავენ უსაფრთხოებას სასტუმროში, დააკვირდით სად ინახავენ ნომრების გასაღებებს. თუ ისინი უბრალოდ აწყვია მაგიდაზე, ან მათი აღება თავისუფლად შეიძლება, თქვენ უნდა იფიქროთ სხვა სასტუმროში გადასვლაზე.

ძალზე კარგი ხერხია თუ დაკიდებთ თქვენი ნომრის კარზე გამაფრთხილებელ ფირფიტას წარწერით _ “ნუ შემაწუხებთ!” ქურდი, როგორც წესი, ამ დროს არ შედის ნომერში. სასტუმრო წინასწარ უნდა შეარჩიოთ. ძირითადად ამ საკითხს წყვეტენ ტურსააგენტოები. თუ არ გაგიმართლათ, თქვენ თვითონ მოგიწევთ სასტუმროს ძებნა. აქ მოქმედებს ერთი წესი – ნუ გააკეთებთ ეკონომიას თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მართალია, პატარა სასტუმროები ქალაქის განაპირას უფრო იაფია, ვიდრე ცენტრში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო იაფია სასტუმრო, მით უფრო მეტი შანსია, რომ იქ “იმყოფებოდნენ” სხვადასხვა სახის ქურდბაცაცები, თვალთმაქცები, აფერისტები და ამდაგვარნი. ისინი შეგიშლიან ხელს ნორმალურად დაისვენოთ. ასეთ სასტუმრომდე მისვლაც კი ღამის საათებში უხიფათო არ იქნება. ახლა კი დაფიქრდით, ღირს კი ასეთ შემთხვევაში ეკონომია გასწიოთ?

უსაფრთხოება სასტუმროში

სასტუმროში რეგისტრაციისას მინიმალური ინფორმაცია ჩაწერეთ თქვენზე. აუცილებელი არ არის მიუთითოთ თქვენი სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და სხვა დეტალები.

თუ გაქვთ საშუალება ამოირჩიეთ ნომრის ადგილმდებარეობა, მაშინ გახსოვდეთ, რომ სასურველი არ არის ამოირჩიოთ პირველი სართული და ნომრები გასართობი დაწესებულებების (ბარები, რესტორნები და ა. შ.) მეზობლად.

კარგი არჩევანია ნომერი მეორე ან მესამე სართულზე, კიბეებს შორის. საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით წინასწარ უნდა დაინტერესდეთ რეგისტრაციის დროს სასტუმროში ცხოვრების ყველა წესზე, თავისებურებებზე.

გაარკვიეთ სად რა სერვისია სასტუმროში, შესასვლელების და გასასვლელების ადგილმდებარეობა. და სხვ.

ნომერში შესვლისას გასინჯეთ კარების და ფანჯრების საკეტების საიმედოობა. შეამოწმეთ მუშაობს თუ არა ტელეფონი.

ნომერში ყოფნისას კარები დაკეტილი უნდა გქონდეთ და გასაღები ჩატოვოთ საკეტში. ჯერ ერთი, გასაღებს ამ შემთხვევაში არ დაკარგავთ და მეორეც – გარედან თქვენს კარს ვერავინ ვერ გააღებს.

ძვირფასეულობას და დოკუმენტებს ნომერში ნუ დატოვებთ. ამ მიზნისათვის სასტუმროში გამოყოფილია ხოლმე სპეციალური სეიფი.

ფარდები ნომერში ჩამოფარებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენს წინ სხვა შენობებია.

როდესაც დატოვებთ ნომერს, გასაღებით ჩაკეტეთ კარი, მაშინაც კი თუ რამდენიმე წუთით ტოვებთ ნომერს. გასაღები დაუტოვეთ მხოლოდ მორიგეს. არ დატოვოთ გასაღები მაგიდებზე, ბარის დახლზე და ა. შ. ნუ დაამყარებთ კონტაქტებს უცხო პირებთან სასტუმროში, ნუ მოუყვებით მათ თქვენი ბიზნესის და ფინანსური შესაძლებლობების შესახებ.

გახსოვდეთ! თქვენი სატელეფონო საუბრები შეიძლება ისმინებოდეს. სასტუმროს სატელეფონო სადგურის ოპერატორებს ჩვევად აქვთ მოუსმინონ სატელეფონო საუბრებს. ფრთხილად იყავით სატელეფონო საუბრებისას.

ეცადეთ, რომ თქვენი ნომერი არ იყოს სასტუმროს პირველ სართულზე. ბოროტმოქმედთა მხრივ თავდასხმის შემთხვევაში სასტუმროს პირველი სართულის ნომრები წარმოადგენს ყველაზე სუსტ ადგილს, სწორედ ასეთი ნომრები იზიდავს კრიმინალებს. ანუ აიღებთ ნომერს სახანძრო კიბიდან შორს.

ყურადღება მიაქციეთ იმ ხალხს, ვინც თქვენს მეზობლად ცხოვრობს. გაარკვიეთ ვინ ცხოვრობს თქვენი ნომრის ზემოთ და ქვემოთ, თქვენი ნომრის წინა განათებულ ნომრებში. ყოველი შემთხვევისათვის იცოდეთ, რომ ნომრის შეკიდულ ჭერში შეიძლება იყოს ჩამალული სხვადასხვა სახის სიურპრიზი.

ნუ გაჩერდებით ისეთ ნომერში, რომელსაც აქვს საერთო აივანი სხვა ნომრებთან. სასტუმროს ძველი შენობები შეიძლება ისე ახლოს იყოს მეზობელ შენობებთან, რომ მათ შორის მანძილი შეადგენდეს მხოლოდ ფანჯრიდან რამდენიმე მეტრს. ამ შემთხვევაში მოითხოვეთ სხვა ნომერი.

კომუნისტური წყობის და ზოგიერთ სხვა ქვეყანის სასტუმროებში დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი ნომერი ისმინებოდეს. თუ გინდათ, რომ თქვენი საუბრები იყოს კონფიდენციალური, ჩართეთ ხოლმე რადიო ან ტელევიზორი, ან მოუშვით წყლის ონკანი და ისაუბრეთ დაბალ ხმაზე. შეიძლება გამოიყენოთ ბავშვების სათამაშო „ჯადოსნური“ სპეცრვეული, სადაც შეიძლება დაიწეროს ტექსტი, რაც წამში შეიძლება წაიშალოს.

ამრიგად, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წერითი მეტყველება თქვენს ნაცნობ–მეგობრებთან კონტაქტისას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი ქვეყნების სასტუმროების ნომრებში შეიძლება ხორციელდებოდეს ვიზუალური თვალთვალიც. ასეთი საშუალება სპეცსამსახურებს მისცა ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტექნიკის განვითარებამ – მინიატურული ფოტო–ვიდეო ობიექტივი წვრილი მავთულის დიამეტრისა შეიძლება იყოს, რომლის კედლებში ჩამონტაჟებაც არ არის პრობლემა.

  • სასტუმროში სახანძრო განგაშის დროს, ნუ იჩქარებთ და კარს ნუ გააღებთ დაუფიქრებლად. ჯერ მიადეთ ხელი თვით კარს და მის სახელურს – თუ ისინი ცხელია, არ გააღოთ კარი, მოძებნეთ სხვა გამოსავალი. ბევრი განვითარებადი ქვეყნის სასტუმროებში არ არის დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგაშო სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სასტუმროებში ხშირია ხოლმე ხანძრები. ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა თუ იგულებდით ბაწრის პატარა კიბეს, რითიც შეგეძლებოდათ ფანჯრიდან ჩაგეშვათ და ჩასულიყავით ქვემოთა სართულზე. თუ თქვენ გექნებათ ტანსაცმლის შერჩევის საშუალება ამ დროს, უმჯობესია აირჩიოთ ნატურალური მასალისაგან შეკერილი ტანსაცმელი, რადგან პოლიესტერისგან დამზადებული ტანსაცმელი ტანს ეკვრის და ვერ იცავს სხეულს სათანადოდ.
  • კარგი იქნება, თუ ხანდახან შეამოწმებთ: იყო თუ არა ვინმე ნომერში თქვენი ქალაქში გასვლის პერიოდში (სართულის მორიგის გარდა). ამ მიზნით მაგიდის, ან ტუმბოს უჯრაში უნდა ჩატოვოთ მინიმაგნიტოფონი ჩართულ რეჟიმში ისე, რომ ჩანდეს უჯრის მხოლოდ წვრილი ნაპრალი (ხმის ხარისხიანად ჩასაწერად).

ფრთხილად მიუახლოვდით ხოლმე თქვენს ნომერს და დაუგდეთ ყური ისმის თუ არა იქიდან რაიმე საეჭვო ხმები. მოერიდეთ ისეთ თანამგზავრებს ლიფტში, რომლებიც თქვენს სართულზე გადმოვლენ.

  • თუ მიგიწვიეს დიდ მიღებაზე, გაიკითხეთ თუ იქნება დაცული უსაფრთხოების დაცვის სათანადო ზომები. გაიგეთ ასევე ვინ არის მიწვეული მიღებაზე, რადგან თუ მიწვეულნი არიან მაღალი თანამდებობის ცნობილი სახეები, მათ შეიძლება „მიიზიდონ“ ტერორისტები და თქვენ კი აღმოჩნდეთ ჯვარედინ ცეცხლში. განსაკუთრებით მოერიდეთ ფართოდ რეკლამირებულ მიღებებს.
  • უცხოეთში ყოფნისას საგულდაგულოდ შეარჩიეთ ხოლმე რესტორნები და კლუბები და არ ეცადოთ რომ მოხვდეთ უმაღლესი თანრიგის დაწესებულებაში. ტერორისტები, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე ისეთ ადგილებს, სადაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები და განსაკუთრებით იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ანტიტერორისტულ საქმიანობაში.
  • ფრთხილად იყავით ვალუტის გადაცვლისას! ფული გადაახურდავეთ მხოლოდ ბანკებში და ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტებში. ნუ გადაცვლით ფულს შავ ბაზარზე. იმის გარდა, რომ შეიძლება შემოგატყუონ ყალბი ფული. ამავე დროს შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც, რადგან ასეთ შავ ბაზრებს სისტემატურად აკონტროლებს პოლიცია.
  • ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებში მიღებულია ქრთამის აღებ–მიცემობა. ზოგ ადგილას ვერ აირიდებთ ქრთამის მიცემას ადგილობრივი ბიუროკრატიისათვის. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენ მოგთხოვენ ქრთამს საბაჟოზე, სასტუმროში კარგი ნომრისათვის ან ტელეფონით დარეკვისათვის და ა. შ.

თუ გინდათ იყოთ ფხიანი მოგზაური და გსურთ აწარმოოთ ბიზნესი მესამე ქვეყნებში, ისწავლეთ ასეთ ქვეყნებში ცხოვრების წესი და გაეცით ხოლმე ქრთამები მათი წესების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიქმნიან ხელოვნურ ბარიერებს. საერთოდ, საერთაშორისო საქმიანობაში ქრთამის მიცემა აკრძალულია სპეციალური აქტით, მაგრამ როგორც აღინიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში ამის გარეშე მისი თავიდან არიდება ძალზე ძნელია. გასაჩივრება არ მოგიტანთ სიკეთეს. ამავე დროს ფრთხილად იყავით ქრთამის მიცემის დროს. მაგალითად, თუ ადმინისტრატორი გეუბნებათ, რომ სასტუმროში არ არის თავისუფალი ადგილი, ან გინდათ, რომ აიღოთ უფრო უკეთესი ნომერი, ჩადეთ თქვენს პასპორტში ოცდოლარიანი კუპიურა და ისე გადაეცით კლერკს (პასპორტიდან ცოტათი უნდა ჩანდეს კუპიურის ნაწილი). თუ პირიქით – შეგედავებიან, რომ აძლევთ ქრთამს, თავი უნდა იმართლოთ იმით, რომ პასპორტში შემთხვევით ჩაგრჩათ ფული